Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი "დიდ მხარდაჭერას" ჰპირდება ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებს


აშშ-მა გააძლიერა სიტყვიერი მხარდაჭერა ირანის ანტი სამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ. ამავე დღეს ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მომხრეთა მასობრივი დემონსტრაციები მოეწყო ირანის არაერთ ქალაქში. მთავრობის მოხრები ქუჩაში გავიდნენ ერთ-კვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ. სამ იანვარს აშშ-ის პრეზიდენტი იტყობინებოდა, რომ ის პატივს სცემს ირანელ ხალხს, რომელიც ცდილობს თავიდან მოიშოროს კორუმპირებული მთავრობა. ტრამპის თქმით, ირანის ხალხი მიიღებს "დიდ მხარდაჭერას როცა დრო მოვა“. ტრამპის განცხადება ტვიტერით გავრცელდა მაშინ, როცა აშშ ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართოს, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინებოდა, რომ მთავრობის მომხრე ათეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ირანის ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში. ეს გამოსვლები მოჰყვა რამდენიმე დღიან საპროტესტო აქციებს, რომელთა დროს შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის. ირანის ინგლისურენოვანმა სახელმწიფო ტელეარხმა, „Press TV”-მ ცოცხალ ეთერში გადასცა სამი იანვრის დემონსტრაციის კადრები. მთავრობის მომხრეებს ხელში ეჭირათ ირანის დროშები და პლაკატები ხელისუფლების მოხრე ლოზუნგებით. მათი მონაწილეები გმობდნენ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 28 დეკემბრის შემდეგ გამართულ ანტი სამთავრობო აქციებზე, რომელთა დროსაც სულ მცირე, 22 ადამიანი დაიხოცა. ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თითქოსდა დაკავებული იყო საპროტესტო აქციების კოორდინაციით. ევროკავშირმა და აშშ-მა დაგმეს „ადამიანების სიცოცხლის მიუღებელი დაკარგვა“ და ასეულობით პირის დაკავება ანტი სამთავრობო გამოსვლების დროს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ თეირანმა ნება უნდა დართოს მშვიდობიან დემონსტრანტებს თავისუფლად გამოხატონ უკმაყოფილება და მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა. სხდომის თარიღი დადგენილი არ არის. სამ იანვარს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა თეირანს მოუწოდა, საპროტესტო გამოსვლებს დიდი სიფრთხილით მიუდგეს, რათა არ მოხდეს მომავალში ძალადობის და არეულობის გამძაფრება და გამოიძიონ ყველა სასიკვდილო შემთხვევა. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამნეიმ „ირანის უცხოელ მტრებს“ დასდო ბრალი „ანტისამთავრობო დემონსტრაციების წაქეზებაში“. ირანის მთავრობამ ანტისამთავრობო გამოსვლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, დაბლოკა სოციალური მედიის უებ საიტები. გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ უარყო ირანის ხელისუფალთა ბრალდება, რომ საპროტესტო გამოსვლები გარე ძალების მიერ იმართება.

XS
SM
MD
LG