Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელები ტრამპს „შანტაჟში“ ადანაშაულებენ


პალესტინელებმა ბრაზით უპასუხეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელიც ფინანსური დახმარების ჩამოჭრით დაემუქრა ავტონომიას. პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი კავშირები იერუსალიმთან არ იყიდება და აშშ „შანტაჟში“ დაადანაშაულა. ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინელები აღარ ავლენენ მშვიდობაზე მოლაპარაკების სურვილს. „პალესტინელებს წელიწადში ასობით მილიონ დოლარს ვუხდით და მათგან არ ვიღებთ არც მადლობას და არც პატივისცემას“, წერდა ტრამპი ტვიტერში. იერუსალიმი წმინდა ქალაქია და არც ოქროზე იყიდება და არც ვერცხლზე, განაცხადეს პალესტინელებმა. აშშ პალესტინელთა ხელმძღვანელობას აწვდის წელიწადში 300 მილიონ დოლარზე მეტს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში გაეროს პროგრამების დასაფინანსებლად. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აქტიურად შეუწყობდა ხელს სამშვიდობო პროცესს ისრაელსა და პალესტინელებს შოორის შეთანხმების მისაღწევად. მაგრამ ასეთ მიზანს, ბევრის აზრით, ძირს უთხრის ტრამპის გადაწყვეტილება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ. გასულ თვეში გადადგმულ ამ ნაბიჯს „დანაშაული“ უწოდა პალესტინელების ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ ნიუ-იორკში უთხრა ჟურნალისტებს, რომ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს, აღარ მისცეს ფული პაელსტინელებს, სანამ ისინი არ დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას.

XS
SM
MD
LG