Accessibility links

ტრამპის ადვოკატები ცდილობენ, არ დაუშვან თეთრი სახლის შესახებ კრიტიკული წიგნის გამოცემა


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატები ჟურნალისტ მაიკლ ვულფისაგან და გამომცემლობა „ჰენრი ჰოლტისაგან“ მოითხოვენ, ნუ გამოაქვეყნებენ ვულფის ახალ წიგნს „ცეცხლი და რისხვა: დონალდ ტრამპის თეთრ სახლში“. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“. წიგნი ასახავს ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს, მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის ურთიერთობებს. ავტორი ეყრდნობა 200-მდე რესპონდენტთან - ტრამპის ყოფილ და ამჟამინდელ თანამშრომლებთან - საუბრებს. წიგნი 9 იანვარს უნდა გამოვიდეს. მიმდინარე კვირაში მედიაში გავრცელდა რამდენიმე ციტატა, რომელთაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ეს ეხება, პირველ რიგში, პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, სტივენ ბენონის განცხადებებს: მაიკლ ვულფთან ინტერვიუში ის „ღალატსა“ და „არაპატრიოტულ საქციელს“ უწოდებს პრეზიდენტის ვაჟიშვილის შეხვედრას რუსეთის წარმომადგენლებთან, რომელთაც, სავარაუდოდ, ხელთ ჰქონდათ კომპრომატები აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ. ტრამპის ვაჟიშვილისა და რუსეთის წარმომადგენლების ამ შეხვედრამ, რომელიც 2016 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაიმართა, მიიპყრო აშშ-ის სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ყურადღებაც. მიულერი აწარმოებს გამოძიებას ტრამპსა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირის დასადგენად. თეთრმა სახლმა პრეზიდენტის სახელით ოთხშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ტრამპი ბენონზე ამბობს „ჭკუა დაკარგაო“. ხუთშაბათს კი ბენონმა გააკეთა განცხადება - ის ამბობს, რომ თავს კვლავაც მიიჩნევს ტრამპის მხარდამჭერად და პრეზიდენტს „არაჩვეულებრივ ადამიანად“ მოიხსენიებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG