Accessibility links

თბილისის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა


მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი 5 იანვარს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა 2014 წლის ნოემბერში. პროკურატურის განცხადებით, 2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და კუდ-ის ხელმძღვანელისთვის, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო მსჯავრდებულებს, გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს და ავთანდილ აფციაურს. პროკურატურის განცხადებითვე, ამ გადაწყვეტილების გამო, შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და მსჯავრდებულები სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ. 2006 წლის ივლისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე 7 და 8 წლით პატიმრობა შეუფარდა შსს-ს ოთხ თანამშრომელს. 2007 წელს მათ სასჯელის ვადა 6 თვით შეუმცირა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს გამოცემული შეწყალების აქტით, ოთხივე მსჯავრდებულს სასჯელის ვადა გაუნახევრდა, 2009 წელს კი ისინი ვადამდე გაათავისუფლეს. 2011 წლის აპრილში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სანდრო გირგვლიანის ოჯახის სარჩელი, დაადგინა, რომ გამოძიებას აშკარად აკლდა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და საფუძვლიანობა და სახელმწიფოს დააკისრა მოსარჩელე მხარისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 ათასი ევროს გადახდა. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შეთანხმებული მოქმედებით, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG