Accessibility links

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ბრალმდებელი სასამართლოს განაჩენს აფასებენ


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის შეფასებით, სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. 5 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, სოფიო გოგლიჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, რომ არა კანონს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, გადაწყვეტს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რის გამოც, 2017 წლის დეკემბერში ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და ადვოკატებს აცილება მისცა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილს სახელმწიფომ დაუნიშნა სახაზინო ადვოკატი. სოფიო გოგლიჩიძემ 5 იანვარს განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა არაერთი სამართლებრივი ნორმა და საქართველოს კონსტიტუცია. თავის მხრივ, საქმის პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პასუხისგებაში მიეცა არა კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენების, არამედ უფლებამოსილების გადამეტებისთვის. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა საფუძველი, რომ გირგვლიანის საქმეზე ჩატარებულიყო ხელახალი, ობიექტური გამოძიება და მისი შედეგებით, დღეს რვა პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის, იმჟამინდელი შს-თა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ“ - განუცხადა 5 იანვარს, ჟურნალისტებს პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ გამოაცხადა, თუმცა, სამართლებრივად ეს საქმე უნდა გადაიქცეს პრევენციად იმისა, რომ ყველამ იცოდეს - მიუხედავად პოლიტიკური თანამდებობის პირების იერარქიული მდგომარეობისა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე კანონის შესაბამისად მოხდება პასუხისგებაში მიცემა. 5 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით, ერთი წლისა და ხუთი თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

XS
SM
MD
LG