Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს ირანში შექმნილ ვითარებაზე


გაეროს უშიშროების საბჭო 5 იანვარს, საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს ირანში შექმნილ ვითარებაზე. სააგენტო ფრანს-პრესის ინფორმაციით, სხდომა აშშ-ის ინიციატივით გაიმართება. გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ ორგანიზაციას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საპროტესტო აქციებში მონაწილე ირანელებს, რადგან ადამიანის ძირითადი უფლებების გარდა, საქმე ეხება საერთაშორისო უსაფრთხოებას და მშვიდობას. 4 იანვარს, ირანის ხელისუფლებამ გაეროს გენერალურ მდივანს და უშიშროების საბჭოს მიმართა, დაგმონ აშშ-ის მიერ ირანის საშინაო საქმეებში ჩარევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ვაშინგტონის ინიციატივას ირანის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ, დესტრუქციული და მავნებლური უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. მან 4 იანვარს, სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ ირანში განვითარებული მოვლენები ამ ქვეყნის საშინაო საქმეა. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო გამოსვლები დეკემბრის ბოლოს დაიწყო. უმუშევრობით და ფასების ზრდით გამოწვეული უკმაყოფილება მალევე გადაიზარდა პროტესტში ირანის მთავრობის და ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ჰამენეის წინააღმდეგ. დემონსტრანტებისა და პოლციელების შეტაკებების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 21 ადამიანი. დაკავებულია საპროტესტო აქციების რამდენიმე ასეული მონაწილე. 3 იანვარს ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ამბოხება ჩახშობილია.

XS
SM
MD
LG