Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი მისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს აფასებს ოლიგარქების შეთქმულების ერთ-ერთ შედეგად


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკანონო უწოდა მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 5 იანვარს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნება განცხადება უკრაინულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, „გაზპრომის“ უმსხვილესი, კერძო აქციონერის, ივანიშვილის სრულ კონტროლქვეშ მყოფი ქართული სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო და ეროვნულ ნორმას და საღ აზრს. სააკაშვილის განცხადებითვე, შეწყალების უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება ადასტურებს პროცესის პოლიტიკურ ხასიათს და იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 5 წლის განმავლობაში ვერ აღმოუჩინა კორუფციის და სხვა კანონდარღვევების ფაქტები. „ ეს განაჩენი და პარალელურად კიევში მიმდინარე პროცესი აჩვენებს, რომ უკრაინის და საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლებები სინქრონულად და ერთმანეთთან სრული კოორდინაციით მოქმედებენ ჩემი, როგორც კორუფციასთან, ოლიგარქებსა და ხალხის ძარცვასთან მებრძოლი ლიდერის წინააღმდეგ“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საიდუმლო არ არის, რომ მის წინააღმდეგ რეპრესიული ზომების მიღებას ვლადიმირ პუტინი წლებია მოითხოვს საქართველოსა და უკრაინის ხელისუფალთაგან. მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მისი განეიტრალების მიზნით ზომების მიღება იყო პოროშენკოსა და ივანიშვილის შეხვედრის საგანი, რომელიც შედგა გასული წლის ზაფხულში, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამდე რამდენიმე დღით ადრე. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ამავე საკითხზე 2017 წლის 29 დეკემბერს, ტელეფონით ისაუბრეს პოროშენკომ და პუტინმა. „რაც არ უნდა გააკეთონ პუტინმა, პოროშენკომ, ივანიშვილმა და მთელმა პოსტსაბჭოთა ოლიგარქიამ ჩემს წინააღმდეგ, მიუხედავად ოლიგარქების შეთქმულებებისა, ჩემი ბრძოლა გაგრძელდება ოლიგარქებზე, კორუფციაზე, სიღარიბესა და ადამიანების დამცირებაზე ჩვენი ხალხების სრულ გამარჯვებამდე“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეისბუქით გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG