Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან ითხოვენ თანამდებობიდან გენერალური დირექტორის გათავისუფლებას


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდნენ მწერლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას მოითხოვენ. მათი შეფასებით, პოეტ ზვიად რატიანის და პოლიციელების კონფლიქტის გაშუქებისას პირველმა არხმა დაარღვია რატიანის უფლებები. „ბორდი ძალიან უხერხულად გრნობს თავს ამ ყველაფრის გამო, ისევე, როგორც ბევრი ჟურნალისტი, ვინც აქ მუშაობს. ჩვენ ველოდებით ბორდს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება. ხომ შეიძლება, საზოგადოებრივად ერთხელ დაისაჯოს ადამიანი, ვინც სამოქალაქო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით სამარცხვინო ნაბიჯს დგამს“ - განუცხადა ჟურნალისტებს მწერალმა, ლაშა ბუღაძემ სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ აღნიშნა, რომ ნორმებით დადგენილი ყველა პროცედურული საკითხის განხილვამდე კომენტარის გაკეთება არასერიოზული იქნება. გრიგოლ გოგელიამ კვლავ დაადასტურა სამეურვეო საბჭოს პოზიცია, რომ ზვიად რატიანის საქმის გაშუქებისას სტანდარტი დარღვეული იყო. „ეხლა ჩვენი პროცედურების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“ - განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ გოგელიამ. 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-მ მტკიცებულებად წარადგინა პოლიციელების მიერ ჩაწერილი მასალა, რომლის თანახმად, პოეტი ზვიად რატიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს სამართალდამცავებს. თუმცა, ამ მასალის მიხედვით გაურკვეველია რატიანის დაკავების გარემოებები და მისი გაღიზიანების მიზეზი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩანაწერი შსს-სგან გამოითხოვა და ეთერში გადასცა. ამის გამო, არაერთმა მწერალმა, გამომცემელმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტი გამოუცხადეს. 29 დეკემბერს, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ განაცხადა, რომ საბჭოსთვის მიუღებელია ზვიად რატიანის შესახებ პირველი არხის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც იყო გარკვეულწილად, არაობიექტური და ადამიანის უფლებების შემლახველი და დაირღვა სტანდარტი, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მუშაობდეს. იმავე დღეს, მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ აჟიოტაჟის გამო, რომელიც გამოიწვია პირველი არხის მიერ ზვიად რატიანის საქმის გაშუქებამ. მაღლაფერიძის თქმით, 27 დეკემბერს გასული სიუჟეტისადმი დადებითი დამოკიდებულება არ აქვს, თუმცა, პირველი არხის გარდა, ჩანაწერი სხვა ტელეკომპანიებმაც უჩვენეს და საზოგადოებრივი მაუწყებელი დადგენილი სტანდარტით მოქმედებდა. 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ სცნო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაში და 2 ათასი ლარით დააჯარიმა. თავად რატიანი სამართალდამცავებს ადანაშაულებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში. პოლიციელების მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს.

XS
SM
MD
LG