Accessibility links

რუსეთი აკრიტიკებს აშშ-ის ინიციატივას, დაინიშნოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ირანის საკითხის განსახილველად


რუსეთი აკრიტიკებს აშშ-ის ინიციატივას, რომლის საფუძველზეც 5 იანვარს ნიუ-იორკში იმართება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების განსახილველად. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა გააკრიტიკა აშშ სხდომის მოწვევისათვის - ამ ნაბიჯს უწოდა „ურცხვი და აშკარა“ ჩარევა ირანის საშინაო საქმეებში. დასავლეთის მედიაში ბოლოხანს იკლო ირანში საპროტესტო გამოსვლებზე ცნობებმა მას შემდეგ, რაც თეირანმა დაბლოკა რამდენიმე წამყვანი სოციალური ქსელი, რომელთაც დემონსტრანტები იყენებდნენ ფოტო- და ვიდეომასალის ინტერნეტში გასავრელებლად. ანტისამთავრობო გამოსვლები ირანში ყველაზე ფართომასშტაბიანი პროტესტია 2009 წლიდან, როცა დემონსტრაციები მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადებას. ამასობაში, ირანში გამოსვლები გრძელდება: რადიო თავისუფლებამ 5 იანვარს მიიღო სანდო ინფორმაცია ირანში მყოფი პირებისაგან, რომ დემონსტრაციები გრძელდება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თეირანში, შირაზსა და თაბრიზში.

XS
SM
MD
LG