Accessibility links

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ ლტოლვილებს დამპყრობლები უწოდა


ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კვლავ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს მიიღოს ლტოლვილები მუსლიმური ქვეყნებიდან. „ჩვენ ამ ხალხს მივიჩნევთ არა მუსლიმ ლტოლვილებად, არამედ მუსლიმ დამპყრობლებად“ - განაცხადა ორბანმა გერმანულ გაზეთთან, „ბილდ“-თან ინტერვიუში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებითვე, ეს ადამიანები რეალურად არიან არა ლტოლვილები, არამედ ეკონომიკური მიგრანტები, რომლებსაც კეთილდღეობაში ცხოვრება სურთ. ვიქტორ ორბანმა მულტიკულტურალიზმს ილუზია უწოდა და დასძინა, რომ უნგრეთს არ სურს, ეს თავს მოახვიონ. „მუსლიმთა მაღალი წილი გარდაუვალს ხდის პარალელური საზოგადოების შექმნას, რადგან ქრისტიანული და მუსლიმური საზოგადოებები პრინციპში, შეუთავსებელნი არიან“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. მან უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ უნგრეთი ევროკავშირისგან ფულს იღებს, მაგრამ უარს ამბობს ლტოლვილების მიღებაზე. ორბანის თქმით, ევროკავშირის ე.წ. სოლიდარობის ფონდიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი არის არა საჩუქარი, არამედ სამართლიანი კომპენსაცია თავისუფალი კონკურენციისთვის ბაზრის გახსნისთვის და საერთო არაფერი აქვს ლტოლვილების საკითხთან. 2017 წლის სექტემბერში, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ აპირებს ლტოლვილების მიღებას მიუხედავად ევროკავშირის სასამართლოსგან დაკისრებული ვალდებულებისა, ჩაერთოს საბერძნეთსა და იტალიაში მყოფი ლტოლვილების ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში განაწილების პროგრამაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG