Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ გამორიცხავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლას


ჟენევა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სათავო ოფისი
ჟენევა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სათავო ოფისი

რუსეთი არ გამორიცხავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლას, თუ დაკმაყოფილებულ იქნება ევროკავშირის სარჩელი რუსეთში ღორის ხორცის იმპორტის შეზღუდვისთვის ამ ქვეყნის წელიწადში 1,4 მილიარდამდე ევროთი დაჯარიმების მოთხოვნით. ორგანიზაციის გასვლის შესაძლებლობაზე განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგეი კალაშნიკოვმა. ის ამტკიცებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესების ფაქტი თავისთავად ეწინააღმდეგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებს. ის, რომ ევროკავშირი რუსეთისაგან მოითხოვს წელიწადში 1,4 მილიარდი ევროს კომპენსაციას, 7 იანვარს გახდა ცნობილი. კერძოდ, საქმე ეხება ღორის ხორცის იმპორტზე ემბარგოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ დააწესა 2014 წლის დასაწყისში ღორის აფრიკული ცხელების შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით. ევროკავშირი იმავე წლის აპრილიდან უარყოფს ასეთი შემთხვევების არსებობას. მოგვიანებით რუსეთმა ემბარგო ძალაში დატოვა საკვების იმპორტის იმ აკრძალვის გამო, რომელიც შემოიღო მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მოსკოვს სანქციები დაუწესა ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით. რუსეთი 2012 წლის აგვისტოში გახდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, რასაც წინ უსწრებდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ამ ორგანიზაციაში მოსკოვის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ ქართული მხარე ითხოვდა, რომ საქართველოს მისცემოდა სეპატარისტულ რეგიონებსა და რუსეთს შორის ვაჭრობის ზედამხედველობის საშუალება.

XS
SM
MD
LG