Accessibility links

თვითმფრინავის რეისიდან „დესტრუქციული საქციელის“ გამო მოხსნეს რუსი ფეხბურთელის მეუღლე


ფეხბურთელი ანდრეი არშავინი

ავიაკომპანია „აეროფლოტი“ აცხადებს, რომ მოსკოვი-ალმა-ატის რეისიდან მოხსნეს ცნობილი ფეხბურთელის, ანდრეი არშავინის მეუღლე შვილებთან და ძიძასთან ერთად. მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ არშავინის მეუღლე ალისა „დესტრუქციულად“ იქცეოდა და არ ასრულებდა ეკიპაჟის მოთხოვნებს. უფროსი ბორტგამცილებლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არშავინა შეეცადა ბიზნეს-კლასში გადაეყვანა ძიძა, რომელსაც ეკონომიკური კლასის ბილეთი ჰქონდა. ამასთან, არშავინას ერთ-ერთ შვილს არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და არ იჯდა სავარძელში, როცა თვითმფრინავი ასაფრენად მზად იყო და ადგილიდან დაიძრა. ალისა არშავინამ თვითონაც მოიხსნა უსაფრთხოების ღვედი, როცა თვითმფრინავი 200 მეტრში მიუახლოვდა ასაფრენ ბილიკს. ავიაკომპანიის თანახმად, თვითმფრინავის ეკიპაჟმა რამდენჯერმე გააფრთხილა არშავინა, რომელიც, თავის მხრივ, შეეცადა ბორტგამცილებლებზე ზეწოლას იმის მტკიცებით, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მაიორია. ინციდენტი 6 იანვარს მოხდა. როგორც თავად არშავინამ „ინსტაგრამში“ დაწერა, ის რეისიდან მოხსნეს მარტო იმ მიზეზით, რომ „ბიზნეს-კლასში ცუდი სუნი“ იდგა. მინდოდა, ბავშვისთვის სუფთა საცვლები ჩამეცვაო, განმარტავს ის და ირწმუნება, რომ ეკიპაჟთან არ უჩხუბია და არც რაიმე გაფრთხილება მიუღია. რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, წარსულში პეტერბურგის „ზენიტისა“ და ლონდონის „არსენალის“ ვარსკვლავი, ახლა ალმა-ატის კლუბ „კაირათის“ გუნდის წევრია.

XS
SM
MD
LG