Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი ადვოკატის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა დანაშაული აღიარა


ადვოკატ ირინა ნოზდროვსკას მკვლელობაში ეჭვმიტანილი იური როსოშანსკი
ადვოკატ ირინა ნოზდროვსკას მკვლელობაში ეჭვმიტანილი იური როსოშანსკი

დეკემბრის მიწურულს მოკლული უკრაინელი ადვოკატის, ირინა ნოზდროვსკას სხეულზე ექსპერტიზის შედეგად აღმოაჩინეს დანაშაულში ეჭვმიტანილის, 63 წლის იური როსოშანსკის დნმ-ის კვალი. ამის შესახებ უკრაინის პოლიცია იუწყება. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ 38 წლის ადვოკატისა და სამოქალაქო აქტივისტის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და ნოზდროვსკასა და როსოშანსკის შელაპარაკებას მოჰყვა. გამომძიებელთა თანახმად, ეჭვმიტანილმა მსხვერპლს ცივი იარაღით ათზე მეტი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მდინარეში გადააგდო. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა არ მოუნანიებია. იური როსოშანსკი მამაა დმიტრო როსოშანსკისა, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ არაფხიზელ მდგომარეობაში, მანქანით დაეჯახა და მოკლა ნოზდროვსკას და. 2017 წლის მაისში როსოშანსკის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო 27 დეკემბერს კიევის ოლქის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის განაცხადი სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. როგორც ვარაუდობენ, ეს გადაწყვეტილება დიდწილად განაპირობა ნოზდროვსკას აქტიურობამ, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ინტერესი როსოშანსკის საქმისადმი. მას შემდეგ, რაც ნოზდროვსკამ საზოგადოების ყურადღება მიაპყრო დმიტრო როსოშანსკის სასამართლო პროცესს, მას არაერთხელ დაემუქრნენ ანგარიშსწორებით. 29 დეკემბერს გაუჩინარებული ნოზდროვსკას გვამი 1 იანვარს იპოვეს კიევის მახლობლად მდებარე სოფელ დემიდოვის მდინარეში. ნოზდროვსკა 9 იანვარს დაასაფლავეს დემიდოვში.

XS
SM
MD
LG