Accessibility links

ტრამპი: სანამ დიალოგი გრძელდება, ვაშინგტონი იერიშს არ მიიტანს ფხენიანზე


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სამხედრო იერიშს არ მიიტანს კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ გაგრძელდება დიალოგი ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის. ამის შესახებ იუწყება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჩჟე ინის პრესსამსახური. ოთხშაბათს მუნ ჩჟე ინი და ტრამპი ტელეფონით ესაუბრნენ ერთმანეთს. პრესსამსახურის თანახმად, ტრამპმა თავადაც გამოთქვა ფხენიანთან მოლაპარაკების მზადყოფნა. 9 იანვარს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამთავრობო დელეგაციებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი მოლაპარაკება გამართეს დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე სოფელ პანმუნჯომში. მოლაპარაკების შემდეგ ფხენიანმა გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის სამხრეთ კორეაში გაგზავნის თავის სპორტსმენებს, მათი მხარდამჭერების ჯგუფსა და მაღალჩინოსანთა დელეგაციას. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 9-25 თებერვალს უმასპინძლებს სამხრეთ კორეის ქალაქი პიონჩანი.

XS
SM
MD
LG