Accessibility links

დონალდ ტრამპი არ ვარაუდობს, რომ რუსეთთან შესაძლო შეთქმულების საქმეზე დაკითხავენ


რობერტ მიულერი, დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს მის დაკითხვას სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის მიერ. მიულერი იძიებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას და კრემლის და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა სავარაუდო კავშირებს. ამერიკული მედიასაშუალებებით 8 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურმა პროკურორმა თეთრი სახლის ადვოკატებს აცნობა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურს. შესაძლო დაკითხვის თაობაზე ჟურნალისტებმა პრეზიდენტს 10 იანვარს ჰკითხეს პრესკონფერენციაზე, რომელიც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, ერნა სოლბერგთან ერთად. „იმის გამო, რომ შეთქმულება არ ყოფილა და ვერავინ ვერცერთ დონეზე ვერანაირი შეთქმულება ვერ აღმოაჩინა, საქმე ჩვენების მიცემამდე სავარაუდოდ, არ მივა“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. მისივე თქმით, უკვე 11 თვეა აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ ისმის ცრუ ბრალდებები, რაც მთავრობას მუშაობაში ხელს უშლის. დონალდ ტრამპმა მანამდეც არაერთხელ უარყო მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა კავშირი კრემლის ნდობით აღჭურვილ პირებთან. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას უარყოფს რუსეთიც. ამასთან, 2017 წელს ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაასკვნეს, რომ მოსკოვი საარჩევნო პროცესში ტრამპის სასარგებლოდ ჩარევას ცდილობდა, რაც გამოიხატა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის გატეხვაში და სოციალური ქსელებით პროპაგანდისტული მასალების გავრცელებაში. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გარდა იძიებს კონგრესის ორივე პალატა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG