Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის ბრალდებით დააკავეს ორი პოლიციელი


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

რუსთავის პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავეს ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 11 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს საღამოს, მოქალაქე რ.ღ. მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათთან მივიდნენ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. პროკურატურის ცნობითვე, რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, მათ მოქალაქეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოთხოვეს გაყოლოდა პოლიციის განყოფილებაში. „შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი წაქცეულ რ.ღ. -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. რუსთავის პოლიციის თანამშრომლები სასამართლოს განჩინებით დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე.

XS
SM
MD
LG