Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: აშშ "ვერაგულად არღვევს" ბირთვულ შეთანხმებას, მასში ცვლილებების მოთხოვნით


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი დასდო 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების "ვერაგულად დარღვევაში", მას შემდეგ, რაც ტრამპი დაიმუქრა, რომ შეთანხმებას რამდენიმე თვეში დატოვებს, თუ მასში ცვლილებებს არ შეიტანენ. ზარიფმა 12 იანვარს ტვიტერით დაწერა, ტრამპის განცხადება წარმოადგენს "სასოწარკვეთილ მცდელობას ძირი გამოეთხაროს მყარ, მრავალმხრივ შეთანხმებასო". ამასთან, ზარიფმა მოიტანა შეთანხმების ის მუხლები, რომლებსაც, მისი თქმით, აშშ არღვევს, რადგან ითხოვს ცვლილებებს საკითხებზე, რომლებიც უკვე შეთანხმებულია ირანსა და მსოფლიოს ხუთ წამყვან ქვეყანას შორის. შეთანხმება "მოლაპარაკებას არ ექვემდებარებაო", წერს ზარიფი და დასძენს - მოყირჭებული რიტორიკის გამეორების ნაცვლად, უმჯობესი იქნება აშშ, როგორც ირანი, შეთანხმებას სრულად დაემორჩილოსო. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ გაუგრძელებს ვადას ირანისთვის სანქციების შემსუბუქების ზომას - როგორც ამას შეთანხმება ითხოვს, ირანის ბირთვული მოქმედებების შეკვეცის სანაცვლოდ - მაგრამ აპირებს აშშ გამოიყვანოს შეთანხმებიდან, თუ ის უახლოეს თვეებში უფრო ძლიერი არ გახდება. აშშ-ის პრეზდიენტი 12 იანვრის განცხადებაში ამბობს, რომ "უკანასკნელად" და კიდევ 120 დღით დატოვებს ძალაში აშშ-ის სანქციების მოხსნის ზომას, და ამ დროის განმავლობაში ევროპის ქვეყნებთან უნდა გაიმართოს მოლაპარაკება შეთანხმების გაძლიერების მიზნით. ამან უნდა მოიცვას ირანის ბირთვული მოქმედებებისთვის სამუდამო შეზღუდვის დაწესება - რომლებსაც, ამჟამინდელი პირობებით, 10 წლის შემდეგ გაუვა ვადა.

XS
SM
MD
LG