Accessibility links

ევროკავშირი კოსოვოს აფრთხილებს არ გააუქმოს ომის დანაშაულთა სასამართლო


ევროკავშირი კოსოვოს აფრთხილებს, რომ ორმხრივ კავშირებს ზიანი მიადგება ომის დანაშაულთა სასამართლოს გაუქმების შემთხვევაში. კოსოვოში ევროკავშირის ოფისმა 12 იანვარს გაავრცელა ამ შინაარსის განცხადება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში იგივე განაცხადა აშშ-მა. ამ განცხადებების ფონია გაურკვევლობა იმის თაობაზე, შეიტანს თუ არა კოსოვოს პარლამენტი ამ საკითხზე კენჭისყრას მომავალი კვირის განრიგში, მას შემდეგ, რაც 22 დეკემბერს ის გადადო, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის შედეგად. სასამართლო - საგანგებო პალატა და პროკურორის საგანგებო ოფისი - 2015 წელს შეიქმნა, იმ მიზნით, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყვნენ კოსოვოს გათავისუფლების არმიის ყოფილი წევრები, რომლებსაც ბრალად ედებათ სისასტიკე 1998-99 წლების, სერბიისგან დამოუკიდებლობისთვის წარმოებულ ომში. სასამართლოს ჯერ არც ერთი საქმე არ განუხილავს. კოსოვოს მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სასამართლომ, რომელიც ჰააგაშია განთავსებული, შესაძლოა ბრალი წაუყენოს ან მოწმეებად გამოიძახოს ამჟამინდელი მთავრობის წევრები. სასამართლო ჰოლანდიაში იმ მიზეზით განათავსეს, რომ მინიმუმამდე დასულიყო მოწმეებზე ზეწოლის ან სასამართლო კორუფციის საფრთხეები. კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, რამუშ ჰარადინაი, პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი და პარლამენტის სპიკერი, კადრი ვესელი წარსულში კოსოვოს გათავისუფლების არმიის (KLA) მეთაურები იყვნენ.

XS
SM
MD
LG