Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: ტრამპმა ვერ შეძლო ძირი გამოეთხარა ბირთვული შეთანხმებისთვის


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ვერ შეძლეს ძირი გამოეთხარათ თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმებისთვის - რომელსაც როჰანი ირანის "გრძელვადიან გამარჯვებას" უწოდებს. ამ განცხადებებით როჰანი გამოვიდა 14 იანვარს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიით. საქმე ეხება შეთანხმებას, რომელსაც თეირანმა 2015 წელს მოაწერა ხელი აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან და ჩინეთთან. 12 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შესაძლოა გავიდეს შეთანხმებიდან, თუ ევროპის ქვეყნები არ გამოასწორებენ, მისი თქმით, შეთანხმების "საშინელ ნაკლებს". შეთანხმების სხვა ხელმომწერები აშშ-ს მოუწოდებენ გააგრძელოს დოკუმენტის მხარდაჭერა. 13 იანვარს თეირანმა უარყო შეთანხმების შეცვლის პერსპექტივა. შეთანხმება ირანისგან მოითხოვს ბირთვული მოქმედებების შეკვეცას, სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. აშშ და სხვა ქვეყნები კი მიიჩნევენ, რომ ირანმა სცადა ატომური იარაღის შექმნა. დონალდ ტრამპმა 12 იანვრის განცხადებაში თქვა, რომ "უკანასკნელად" და კიდევ 120 დღით ტოვებს ძალაში აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნის ზომას, და ამ დროის განმავლობაში ევროპის ქვეყნებთან უნდა გაიმართოს მოლაპარაკება შეთანხმების გაძლიერების მიზნით. ამან უნდა მოიცვას ირანის ბირთვული მოქმედებებისთვის სამუდამო შეზღუდვის დაწესება - რომლებსაც, ამჟამინდელი პირობებით, 10 წლის შემდეგ გაუვა ვადა.

XS
SM
MD
LG