Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

80-ზე მეტ ქვეყანას შეეხო ფრანგული წარმოების ბავშვთა რძის სალმონელით შესაძლო დაბინძურების სკანდალი


საფრანგეთის რძის მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ ჩვილ ბავშვთა რძის პროდუქტების 12 მილიონზე მეტი ყუთი იქნა ამოღებული რეალიზაციის ქსელიდან, 83 ქვეყანაში, იმ შეშფოთების ფონზე, რომ პროდუქტი შესაძლოა სალმონელის ბაქტერიით იყოს დაბინძურებული. ფირმა "ლაქტალისის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ემანუელ ბესნიემ 14 იანვარს საფრანგეთის მედიაში დაადასტურა შესაძლო საფრთხის მასშტაბი. პროდუქციის სარეალიზაციო ქსელებიდან ამოღების პროცესი დეკემბერში დაიწყო, როცა ბაქტერია პირველად აღმოაჩინეს ჩრდილოდასავლეთ საფრანგეთის ერთ-ერთ ქარხანაში. საფრანგეთის მედიის ცნობით, ამ ქვეყანაში 35 ჩვილს დაუდგინდა სალმონელოზი, ესპანეთში ერთ ბავშვს, და ასევე არის ერთი საეჭვო შემთხვევა საბერძნეთში. სალმონელოზი ნაწლავების მწვავე ინფექციური დაავადებაა და ჩვილ ბავშვებში ის განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, „ლაქტალისის“ ქართული წარმომადგენლობის წევრებმა რამდენიმე კვირის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ სალმონელის ბაქტერიის არსებობა არ დადასტურდა კომპანიის მიერ წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტ „სელიაში“, რომელიც საქართველოში იყიდება. მათი თქმით, კვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.

XS
SM
MD
LG