Accessibility links

ლავროვი ტრამპს ადანაშაულებს ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში


მოსკოვი, 2018 წლის 15 იანვარი: რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი და უწყების პრესმდივანი მარია ზახაროვა წლიურ პრესკონფერენციაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადანაშაულებს ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში. რუსი მინისტრის ვარაუდით, ტრამპის განცხადებებს შესაძლოა შეთანხმების გაუქმება მოჰყვეს. ლავროვმა 15 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმოიხილა გასულ წელს რუსი დიპლომატების მიერ გაწეული სამუშაო და გამოთქვა შეფასება, რომ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების მიზანია, ჩაიშალოს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს არ უწყებს „ოპტიმიზმსა და სტაბილურობას“. ლავროვის თქმით, მოსკოვი არ ემხრობა იმას, „რის გაკეთებასაც შეერთებული შტატები ცდილობს“ შეთანხმების ტექსტის შეცვლით და ისეთი საკითხების დამატებით, რომლებიც „სრულიად მიუღებელია ირანისათვის“. შეთანხმებით, რომელსაც ირანმა 2015 წელს მიაღწია აშშ-თან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან და ჩინეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ეს ქვეყანა უარს ამბობს ბირთვული იარაღის შექმნაზე მისი საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მაგრამ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეთანხმებიდან გავა, თუ არ გამოსწორდება შეთანხმების „საშინელი ხარვეზები“. აშშ-ის მიმართ კრიტიკის ფონზე, ლავროვმა 15 იანვარს რუსეთი წარმოსახა კონსტრუქციულ ძალად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში სტაბილურობასა და კონფლიქტების მოგვარებას. მეორე მხრივ, აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ რეგიონულ და გლობალურ დესტაბილიზაციაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა უკრაინაში შეჭრა, სირიის ომში მმართველი რეჟიმის მხარდაჭერა და უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევა.

XS
SM
MD
LG