Accessibility links

ამერიკელმა გენერალმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხის დასტურად მოიყვანა საქართველო და უკრაინა


გენერალი ჯოზეფ დანფორდი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ ჯოზეფ დანფორდის შეფასებით, გასულ წლებში რუსეთის მოქმედებები და მისი ინვესტიცია სამხედრო სფეროში, იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ ევროპას და სხვა ქვეყნებსაც ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი უქმნის. ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის წინ, გენერალმა დანფორდმა განაცხადა, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, ნატომ გააძლიერა აღმოსავლეთ მეზობლის შეკავების საშუალებები, მათ შორის პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ოთხი მრავალეროვნული სამხედრო ქვედანაყოფის სახით. ამერიკელი გენერლის ინფორმაციით, რუსეთმა განაახლა თავისი შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სფერო, მათ შორის ბირთვული პოტენციალი და საზღვაო ფლოტი და განაგრძობს კიბერთავდასხმების ინსტრუმენტების შემუშავებას. ჯოზეფ დანფორდმა აღნიშნა, რომ მოსკოვი თავის შესაძლებლობებს გამოიყენებს და ამის მაგალითად მოიყვანა რუსეთის მოქმედებები საქართველოსა და უკრაინაში. ამერიკელი გენერლის განცხადებით, 2008 წელს, რუსული ჯარი შეიჭრა საქართველოში, რომლის რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დღემდე ოკუპირებული აქვს, 2014 წელს კი სამხედრო ძალა შეიყვანა უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმის ანექსირება მოახდინა. ჯოზეფ დანფორდის თქმით, სახელმწიფოებს უფლება აქვთ თავი დაიცვან სხვა ქვეყნების თავდასხმებისგან და ეს შეეხება არა მხოლოდ სამხედრო ძალით შეჭრას, არამედ საინფორმაციო ომს, კიბერთავდასხმებს და ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას, რაც ასევე ხელყოფს სუვერენიტეტს.

XS
SM
MD
LG