Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი შეხვდა მაჩალიკაშვილების ოჯახს


საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში შეხვდა პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოოპერაციისას დაჭრილი, 10 იანვარს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს. შეხვედრის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოჯახის წევრებს, რომლებმაც სპეცოპერაციის ღამის დეტალები გაიხსენეს, შეკითხვები აქვთ თემირლანის დაჭრის და საძინებელ ოთახში ხელყუმბარის არსებობის შესახებ და პასუხს მოკლე ვადაში ითხოვენ. „ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო შეთავაზება გამოძიების მიმართ, რომ ჩვენ გარკვეული შუამავლის თუ ხიდის როლი შევასრულოთ, რათა ოჯახს მაქსიმალურად მიეწოდოს ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც შესაძლებელია“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატსაც იგივე შეკითხვები აქვს და შესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოითხოვა, თუმცა, უცნობია, ექნებათ თუ არა მასალების გაცნობის საშუალება. ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ ითხოვა, რომ სახალხო დამცველს, კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიეცეს საქმის მასალების თუნდაც ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა. ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღემდე პასუხგაუცემელი შეკითხვების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრის სურვილი აქვს. გარდაცვლილის ოჯახი კვლავ მოითხოვს საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას.

XS
SM
MD
LG