Accessibility links

ჩეჩნეთში დაკავებულ უფლებადამცველს უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე


ჩეჩნეთში დაკავებული უფლებადამცველი, ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას, რადგან იზოლატორის თანამშრომლები უარს ამბობენ გარედან ექიმის შეშვებაზე, ხოლო საკუთრივ იზოლატორს არ გააჩნია სამედიცინო განყოფილება. „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელი 9 იანვარს დააკავეს და მომდევნო დღეს წაუყენეს ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდება. იმავე დღეს პოლიციელებმა ტიტიევის სახლიდან გააძევეს მისი ნათესავები. სამართალდამცველები ეძებდნენ დაკავებულის ვაჟიშვილსა და ძმას და ემუქრებოდნენ მის ახლობლებს. ამასობაში, ინტერნეტპორტალმა „კავკაზ.რეალიიმ“ გაავრცელა ცნობა, რომ ტიტიევმა დაწერა განცხადება რამდენიმე ოფიციალური პირის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის სახელზე. ტიტიევი „შეთითხნილს“ უწოდებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ ნარკოტიკები მანქანაში ჩაუდეს სამართალდამცველებმა. 14 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ 60 წლის ტიტიევის ოჯახი იძულებული იყო, დაეტოვებინა ჩეჩნეთის ტერიტორია.

XS
SM
MD
LG