Accessibility links

გაეროს გენერალურმა მდივანმა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა ევროპაში, გაყინული კონფლიქტების მოგვარება


ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში გაუმართლებლად მიიჩნევს ევროპაში ე.წ. გაყინული კონფლიქტების შენარჩუნებას. 16 იანვარს, გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას გუტერეშმა 2018 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა აღმოფხვრა იმ პარალიზისა, რომელმაც ხელი შეუწყო ევროპაში კონფლიქტების გაყინვას. გენერალური მდივნის შეფასებით, სიტუაციის მოსაგვარებლად აუცილებელია დაიძლიოს ნაციონალიზმის საშიში ტალღა და გააქტიურდეს შესაბამისი საშუამავლო ინიციატივები. ანტონიუ გუტერეშმა დაასახელა უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილი „ნორმანდიული ფორმატი“ და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი, საქართველოში არსებული კონფლიქტების გამო მოქმედი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასაძლევად შექმნილი ეუთოს მინსკის ჯგუფი და 5+2 ფორმატი დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. გუტერეშის განცხადებით, აუცილებელია საერთო ძალისხმევა დასავლეთ ბალკანეთზე გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევადაც. გაეროს გენერალურმა მდივანმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა აჩვენონ, რომ კონტინენტს შეუძლია იცხოვროს საერთო კეთილდღეობის და მშვიდობიანი თანაარსებობის იდეალების შესაბამისად.

XS
SM
MD
LG