Accessibility links

ინგუშეთში დაიწვა უფლებადამცველი ორგანიზაციის "მემორიალის" ოფისი


"მემორიალის" დამწვარი ოფისი. ნაზრანი, 2018 წლის 17 იანვარი

ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში, ხანძარი გაჩნდა უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ ოფისში. ორგანიზაციის ინფორმაციით, ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რომ წუხელ, შენობასთან მივიდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ორი ნიღბიანი პირი კანისტრით, კედელს კიბე მიადგეს და ფანჯრიდან შევიდნენ შენობის მეორე სართულზე, სადაც „მემორიალის“ ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ცნობითვე, უკან დაბრუნებისას, ამ პირებმა უშედეგოდ სცადეს ვიდეოკამერის დაზიანება. „მემორიალი“ მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს. ორგანიზაციის განცხადებითვე, ნაზრანში „მემორიალის“ წარმომადგენლობა მუშაობს მხოლოდ ინგუშეთში არსებულ, ადამიანის უფლებების პრობლემებზე და არანაირი კავშირი არ აქვს ჩეჩნეთის თემასთან. „მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ნათელია, რომ ოფისის დაწვა დაკავშირებულია იმ ძალებთან, რომლებიც ცდილობენ ჩეჩნეთში „მემორიალის“ მუშაობის განადგურებას და ორგანიზაციის განდევნას მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან“ - ნათქვამია „მემორიალის“ განცხადებაში. 9 იანვარს, ჩეჩნეთში დააკავეს უფლებადამცველი ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი, ოიუბ ტიტიევი. მას პოლიციამ ბრალად დასდო ნარკოტიკის უკანონოდ შენახვა. 11 იანვარს სასამართლომ ტიტიევს შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. უფლებადამცველის განცხადებით, მას ავტომანქანაში ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს. ოიუბ ტიტიევის ადვოკატის განცხადებით, ჩეჩნეთის პოლიცია უფლებადამცველს ემუქრებოდა და ბრალის აღიარებას აიძულებდა. 14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ოიუბ ტიტიევის ოჯახმა ჩეჩნეთი იძულებით დატოვა.

XS
SM
MD
LG