Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უარყოფს, რომ კიევში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობენ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტისას გამართულ არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ. 18 იანვარს კიევში, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისაუბრეს ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით აქტუალური არ არის და სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს. „აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი შეხვედრების განხილვის საგანი” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 18 იანვარს, პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავამ ეჭვი გამოთქვა უკრაინის წარმომადგენლებთან „ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, იქნება ეს კობახიძე თუ კვირიკაშვილი, საუბარი ყოველთვის ეხება მიხეილ სააკაშვილს, რადგან დღესდღეობით მთავარ საფრთხეს ივანიშვილისთვის, ისევე როგორც პოროშენკოსთვის, წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი.“ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 17 იანვარს კიევში შეხვდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრიი პარუბიის. 18 იანვარს დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთანაც.

XS
SM
MD
LG