Accessibility links

ფეისბუკი გაააქტიურებს ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმზე რუსეთის გავლენის გამოძიებას


სოციალურმა ქსელმა ფეისბუკმა გაააქტიურა ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმზე რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიება. ფეისბუკის უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტები განმეორებით გაანალიზებენ, მიმართა თუ არა რუსეთმა 2016 წლის რეფერენდუმის დროს რაიმე სახის მანიპულაციას. გასული წლის ნოემბერში კომპანია ფეისბუკმა გამოაცხადა, რომ ვერ ხედავს ბრექსიტზე რუსეთის მხრიდან გავლენის ნიშნებს, მაგრამ მომდევნო თვეში ამავე კომპანიამ აღიარა ასეთი მცდელობების არსებობა - კერძოდ, სანქტ-პეტერბურგში მოქმედმა სააგენტომ, რომელსაც „ტროლების ფაბრიკას“ უწოდებენ, იყიდა სამი სარეკლამო შეტყობინება, რომელიც ბრექსიტს ეხებოდა. ასევე ფეისბუკის თანახმად, აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს „ტროლების ფაბრიკამ“ 100 ათასამდე დოლარი დახარჯა სოციალურ ქსელში პროპაგანდისტული მასალის გასავრცელებლად და საამისოდ ყალბი ანგარიშები გამოიყენა. როგორც აღნიშნავენ, პროპაგანდისტულმა მასალამ 10 მილიონზე მეტი მომხმარებლამდე მიაწღია. გასულ წელს ფეისბუკმა წამოიწყო კამპანია გამოგონილ ამბებთან დასაპირისპირებლად.

XS
SM
MD
LG