Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა


სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, - ამის შესახებ აღნიშნულია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებაში. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების და არგუმენტების საფუძველზე, აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 17 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 2016-2017 წლებში გამოიყენა 29 ათასზე მეტი ვაქცინა, რომელთა დაუყოვნებლივი განადგურების თაობაზეც საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO) საგანგებო მითითება მიიღო. 18 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, რომ ვაქცინა, რომელზც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მოხსნის, არ ნიშნავს, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს. მისივე სიტყვებით, უწყებას შეეძლო შეეჩერებინა იმ ვაქცინის გამოყენება, სანამ ახალი არ შემოვიდოდა, თუმცა ეს ფატალურ შედეგამდე მივიდოდა. მინისტრის განმარტებით, ამ პერიოდში გაკეთებულ ვაქცინაციას არავითარი გართულებები არ მოჰყოლია: „შარშან, 11 თებერვალს, როგორც კი მოგვივიდა შეტყობინება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი, რომ ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ცოფის ვაქცინაცია, სანამ ახალს შემოვიტანდით და ამას დასჭირდებოდა დაახლოებით თვენახევარი, ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე, რასაც დასჭირდა ხუთი კვირა და 20 მარტიდან ვაქცინაციას ახალი ვაქცინით ვაგრძელებთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ვაქცინას არც ერთი გართულება არ ჰქონია. პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში ისიც, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ცოფით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა და სწორედ ამ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი ინფორმაციით მანამდე ცოფით სიკვდილიანობის მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ 5-6 ადამიანი იყო.

XS
SM
MD
LG