Accessibility links

რუსეთში რამდენიმე პირი დაჭრა ნაჯახით შეიარაღებულმა მოზარდმა


სამხრეთაღმოსავლეთ ციმბირის ერთ-ერთ სკოლაში ნაჯახით შეიარაღებულმა მოზარდმა მოსწავლემ იერიში მიიტანა მასზე უმცროსი მოსწავლეების ჯგუფზე, დაჭრა სულ მცირე ექვსი ადამიანი და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. რუსეთში ეს ერთი კვირის განმავლობაში მესამე შემთხვევაა, როცა მოზარდები სკოლებში სხვა მოსწავლეებს ესხმიან თავს და, შესაბამისად, მიმდინარეობს გამოძიება, ხომ არ არის ეს ინციდენტები ერთმანეთთან კავშირში. კომუნიკაციებისა და მასმედიის მინისტრის მოადგილემ, ალექსეი ვოლინმა 19 იანვარს განაცხადა, რომ განხორციელების პროცესშია ზომები სოციალური მედიის იმ ჯგუფების დასახურად, რომლებიც შეიცავენ ძალადობისკენ მოწოდებებს. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, "შეუძლებელია იმ გარემოების უგულებელყოფა, რომ ინტერნეტს შეუძლია ბოროტებაც მოიტანოს და ეს ბოროტება მახინჯი და ტრაგიკული ფორმით გამოვლინდება ჩვენს ცხოვრებაში. ეს კითხვებს აღძრავსო". 19 იანვრის თავდასხმა მოხდა ბურიატიის რეგიონში, სოსნოვი ბორში - ულან-უდესგან ოცამდე კილომეტრის მოშორებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ადგილობრივი დანაყოფის წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ, განაცხადა, რომ მეცხრეკლასელი მოსწავლე მარტო მოქმედებდა, როცა მეშვიდეკლასელებს და ერთ მასწავლებელს დაესხა თავს და შემდეგ აალებადი სითხით სკოლას ცეცხლი წაუკიდა. იუწყებიან, რომ დაშავდა "ექვსი ბავშვი და ერთი ქალი" და დაშავებულებს შორის თავდამსხმელიც არის.

XS
SM
MD
LG