Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი „რევიზიონისტულ“ ქვეყნებად მოიხსენიებს რუსეთსა და ჩინეთს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა „რევიზიონისტულ" ქვეყნებად მოიხსენია რუსეთი და ჩინეთი და განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო სტრატეგიის ყურადღების ცენტრში ტერორიზმთან ბრძოლის შემდეგ კვლავ ექცევა „დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია“. მატისმა ეს განცხადება გააკეთა 19 იანვარს, როცა წარმოადგინა პენტაგონის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია - მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი მომდევნო წლებისათვის შეერთებული შტატების სამხედრო გეგმების მოსამზადებლად. თავისი გამოსვლისას, მატისმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ყურადღების ცენტრი შორდება ტერორიზმს, რომელიც ფოკუსში რჩებოდა 17 წელიწადი, შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. „გავაგრძელებთ ტერორისტების წინააღმდეგ კამპანიას, მაგრამ ახლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყურადღების ცენტრში დგას, პირველ რიგში, დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია და არა ტერორიზმი“, განაცხადა მატისმა. მისივე თქმით, ჩინეთი და რუსეთი არიან „რევიზიონისტული“ სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ მსოფლიოს მოწყობას „თავიანთი ავტორიტარული მოდელებით“. ეროვნული თავდაცვის სტრატეგია პირველად მომზადდა 2014 წლის შემდეგ. ის ეხმიანება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას - აშშ-ში გასულ თვეში გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც ასევეა საუბარი ჩინეთთან და რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

XS
SM
MD
LG