Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს


ჩეხეთის პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს. იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს ყველა პარტიის დეპუტატებმა, გარდა მოძრაობისა „ანო“, რომელსაც მილიარდერი ბიზნესმენი ბაბიში ხელმძღვანელობს. ამ პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა 2017 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ვერ მოიპოვა მანდატების ნახევარზე მეტი. ბაბიში ეჭვმიტანილია თაღლითობაში ევროკავშირის სუბსიდიების უკანონოდ მოსაპოვებლად. აქამდე თალღითობასთან ბრძოლის ევროპულმა უწყებამ დაადასტურა ბაბიშის მხრიდან სუბსიდიათა მოპოვების წესების დარღვევა. ჩეხეთში ბაბიშის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეჩერებული იყო დეპუტატის იმუნიტეტის გამო. ახლა პოლიციას მიეცა გამოძიების განახლების შესაძლებლობა. რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა მინისტრთა კაბინეტს, რის შემდეგაც მთავრობა გადადგა. ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს ნათქვამი აქვს, რომ ისევ ბაბიშს დაავალებს მინისტრთა კაბინეტის შექმნას. თუ მთავრობის შექმნის სამი მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის, ჩეხეთს რიგგარეშე არჩევნები ელოდება. ბაბიშის ოპონენტები აცხადებენ, რომ მზად არიან კოალიციური მთავრობის შექმნის მიზნით მის თანაპარტიელებთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ მიუღებლად მიიჩნევენ პრემიერის პოსტზე ბაბიშის დასახელებას. ბიზნესმენი უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG