Accessibility links

საქართველოში არ შეუშვეს სომეხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი


ზაჰური პოსტანჯიანი

ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს სომხეთის ოპოზიციური პარტია „ერკირ ცირანის“ ხელმძღვანელი, ზარუი პოსტანჯიანი. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომეხმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საზღვარი დაუბრკოლებლად გადალახა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ბავრასთან“, სომხეთის მხრიდან. თუმცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაზე“, ზარუი პოსტანჯიანს განუცხადეს, რომ მას ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა. ზარუი პოსტანჯიანი თანაპარტიელებთან ერთად მიემართებოდა საქართველოს ახალქალაქის რაიონში მცხოვრებ სომხეთის სათვისტომოს წევრებთან შესახვედრად. რადიო თავისუფლების სომხურ რედაქციასთან საუბარში პოსტანჯიანმა დასძინა, რომ მისი მიმართვის მიუხედავად ქართველმა მესაზღვრეებმა არ დააკონკრეტეს საქართველოს ტერიტორიაზე არშეშვების მიზეზი. თავად პოსტანჯიანი ვარაუდობს, რომ ეს მოხდა თავად სომხეთის ხელისუფლების თხოვნით. 2015 წელს პოსტანჯიანმა თავის მომხრეებთან ერთად საპროტესტო აქცია მოაწყო თბილისში სომხეთის ეკლესიის გახსნის ცერემონიაზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი.

XS
SM
MD
LG