Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა


კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ განიხილა სარჩელი, რომელიც ეხებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ. 22 იანვრის გადაწყვეტილება მიჩნეულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებად, რადგან სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა აცილებას მოითხოვდა. მის მხარდასაჭერად სასამართლოში შეიკრიბა ათობით თანამოაზრედ. 2017 წლის თებერვლიდან სააკაშვილი უკრაინაში სათავეში უდგას ოპოზიციურ პარტია „ახალ ძალთა მოძრაობას“. მისი წევრები „დროებით გამარჯვებად“ მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. სააკაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა ჩატარდება საკასაციო ინსტანციაში. მასზე გადაწყვეტენ, მისცემენ თუ არა აცილებას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომელთა ვერდიქტმაც შესაძლოა დააჩქაროს საქართველოში სააკაშვილის დეპორტაცია. საქართველოში სააკაშვილი დაუსწრებლად არის გასამართლებული სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა სააკაშვილს, ხოლო წელს 15 იანვარს უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძესთან შეხვედრაზე განიხილა რამდენიმე საკითხი, მათ შორის სააკაშვილის ექსტრადიციის თემა. თბილისმა შარშან რამდენჯერმე მიმართა კიევს სააკაშვილის ექსტრადიციის თხოვნით.

XS
SM
MD
LG