Accessibility links

ლონდონმა სანქციებს მიმართა ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ


დმიტრი კოვტუნი და ანდრეი ლუგოვოი

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ აქტივები გაუყინა რუსეთის მოქალაქეებს, დმიტრი კოვტუნს და ანდრეი ლუგოვოის, რომლებსაც ბრალად ედება რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა. ლონდონის გადაწყვეტილება ეფუძნება კანონს ტერორიზმსა და დანაშაულთან ბრძოლის და უსაფრთხოების შესახებ. მოსამართლემ რობერტ ოუენმა, რომელიც მკვლელობის გამოძიებას ხელმძღვანელობდა, 21 იანვარს განაცხადა, რომ 2006 წლის 1 ნოემბერს, ლონდონში შეხვედრისას, კოვტუნმა და ლუგოვოიმ ლიტვინენკოს ჩაით სავსე ფინჯანში ჩაუდეს მომწამლავი ნივთიერების, პოლონიუმ 210-ის სასიკვდილო დოზა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ალექსანდრ ლიტვინენკო რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ლიტვინენკო, რომელმაც 1998 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მოკვლა დაავალეს, 2000 წელს ოჯახთან ერთად გაიქცა დიდ ბრიტანეთში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ლუგოვოი და კოვტუნი ლიტვინენკოს სიკვდილთან კავშირს უარყოფენ, თუმცა, ბრიტანელმა გამომძიებლებმა პოლონიუმის კვალი აღმოაჩინეს სასტუმროებში, რესტორნებსა და თვითმფრინავებში, რომლითაც ლუგოვოი სარგებლობდა. არსებული მონაცემებით, 2006 წლის დეკემბერში, ლუგოვოი რადიაციული მოწამვლის გამო მკურნალობდა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. საბჭოთა უშიშროების ოფიცერი, ანდრეი ლუგოვოი 2007 წელს აირჩიეს რუსეთის დუმის დეპუტატად. 2015 წელს, პრეზიდენტმა პუტინმა ლუგოვოი დააჯილდოვა ორდენით, სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG