Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ აქტივისტ ბექა წიქარიშვილს შეუფარდა ორკვირიანი პატიმრობა


თბილისის საქალაქო სასამართლომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 14 დღით პატიმრობა შეუფარდა. პოლიციელებმა წიქარიშვილი 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დააკავეს ხულიგნობის და დაუმორჩილებლობის ბრალდებებით. ამასთან, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც სასამართლოს შენობაში ფანჯრის ჩამტვრევის ფაქტზე. ბექა წიქარიშვილი პროტესტს გამოთქვამდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღიარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს, მაგრამ უსამართლოდ მიიჩნევს სისხლის სამართლის საქმეს. „ჩემი გუშინდელი ქმედება იყო გამოწვეული კონკრეტული პროტესტით, აღელვებით და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოიტანა სასამართლომ. არ მქონია განცდა, რომ ვესროლე სასამართლოს ფანჯარას. მქონდა განცდა, რომ ვესროლე უსამართლობის კერას" - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა. მის ინტერესებს იცავს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, ანა ნასრაშვილი, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ბექა წიქარიშვილს სადავოდ არ გაუხდია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სასჯელი ძალიან მკაცრია და მიმართულია პროტესტის წინააღმდეგ, რომელსაც ადამიანები გამოხატავენ ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების გამო.

XS
SM
MD
LG