Accessibility links

ბელორუსიას მოუწოდებენ "პრიორიტეტად" დაისახოს დემოკრატიული რეფორმები


ეუთოს მაღალჩინოსანმა შეაქო ბელორუსიის "აქტიური ჩართულობა" საერთაშორისო საკითხებში, მაგრამ განაცხადა, რომ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ამ ქვეყანას თავად აქვს ჩასატარებელი მნიშვნელოვანი სამუშაო. აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო წარმომადგენელმა, კენტ ჰარსტედტმა ეს განცხადებები 24 იანვარს გააკეთა, მინსკში სამდღიანი ვიზიტის ბოლოს. ჰარსტედტის თქმით, ბელორუსიის დედაქალაქი "მნიშვნელოვანი საერთაშორისო კრიზისების გადაწყვეტის ძალისხმევის ლამის სინონიმად იქცა - იქნება ეს უკრაინაში და მის გარშემო, თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი". თუმცა დასძინა, რომ ბელორუსიის ხელისუფლებამ პრიორიტეტულ საკითხად უნდა დაისახოს დემოკრატიული რეფორმების გატარება, "რათა ბელორუსიის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი ხმა ქვეყნის მართვაში". ჰარსტედტმა, რომელიც ამავდროულად შვედეთის პარლამენტის წევრია, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ბელორუსიაში საარჩევნო სისტემის რეფორმირებისთვის გატარებული არასაკმარისი ძალისხმევით. ადრეული 1990-იანი წლების შემდეგ ბელორუსიაში არ ჩატარებულა არჩევნები, რომლებიც შეფასდებოდა როგორც თავისუფალი ან დემოკრატიული. ხელისუფლება სისტემატურად ახშობს კრიტიკულ თვალსაზრისებს და მკაცრად აკონტროლებს მედიას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG