Accessibility links

დავოსში მყოფი მერკელი აცხადებს, რომ "პროტექციონიზმი არ არის გამოსავალი"


დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინაშე გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, იზოლაციონიზმი და პროტექციონიზმი არ არის გამოსავალი იმ პრობლემებიდან, რომელთა წინაშეც ბევრი ქვეყანა დგასო. "გვჯერა, რომ იზოლაციონიზმით წინ ვერ წავალთ. გვჯერა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, რომ პროტექციონიზმი არ არის სწორი პასუხი" - მიმართა მერკელმა ფორუმის მონაწილეებს 24 იანვარს. ფორუმის გახსნისას, 23 იანვარს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მზარდი პროტექციონიზმი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. შვეიცარიის საკურორტო სოფელში მიმდინარე წლევანდელი ფორუმის ლოზუნგია "შევქმნათ ერთიანი მომავალი დანაწევრებულ მსოფლიოში", ფორუმში მონაწილეობენ 60-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, ასობით ბიზნესლიდერი, აკადემიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი ფიგურები. დისკუსიები ეხება ეკონომიკურ ზრდას, გარემოს დაცვას, ტერორიზმის საფრთხეს, მსჯელობენ აგრეთვე იმაზე, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ლტოლვილებს ახალ ქვეყნებში. რეცესიის და გლობალური ფინანსური კრიზისის დაწყებიდან ათწლეულის გასვლის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა იზრდება. ფორუმს დახურავს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა. ვარაუდობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკა განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ტრამპი ატარებს სავაჭრო პოლიტიკას ლოზუნგით "ამერიკა პირველ რიგში", რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ბიზნესების დაცვას უცხოელი კონკურენტებისგან.

XS
SM
MD
LG