Accessibility links

უფლებადამცველები მოითხოვენ ჩრდილოეთ კავკასიაში „მემორიალის“ დაცვას


რუსეთის უფლებადამცველი საბჭო გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და საგამოძიებო კომიტეტს მოუწოდებს, ყურადღება დაუთმონ მოვლენებს ჩრდილოეთ კავკასიაში უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალის“ განყოფილებების გარშემო. უფლებადამცველები, კერძოდ, მოითხოვენ ჩეჩნეთში „მემორიალის“ განყოფილების ხელმძღვანელის, ოიუბ ტიტიევის საქმეში გარკვევას და ინგუშეთსა და დაღესტანში „მემორიალის“ ოფისებზე თავდასხმების გამოძიებას. უფლებადამცველებს აუცილებლად მიაჩნიათ, სამართლებრივად შეფასდეს ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვისა და პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვის განცხადებები. ამ ორმა პოლიტიკოსმა „ხალხის მტრები“ უწოდა „მემორიალის“ თანამშრომლებს და მიანიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევს უფლებადამცველების მიმართ ძალის გამოყენებას. საკუთრივ „მემორიალის“ თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოებებს, ყურადღება დაუთმონ ოიუბ ტიტიევის საქმეს. ის 9 იანვარს დააკავეს და წაუყენეს ნარკოტიკების შენახვის ბრალდება, რომელსაც უფლებადამცველები შეთითხნილად მიიჩნევენ. 17 იანვარს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაზრანში „მემორიალის“ ოფისს, ხოლო 22 იანვარს მახაჩყალაში ცეცხლი წაუკიდეს დაღესტანში „მემორიალის“ ცენტრის ავტომანქანას.

XS
SM
MD
LG