Accessibility links

რუსეთის შსს-მ მკაცრი ზომების შესახებ გააფრთხილა დაგეგმილი მიტინგების ორგანიზატორები


პოლიციელები მოსკოვში აკავებენ საპროტესტო აქციის მონაწილეს. 2017 წლის 12 ივნისი

რუსეთის შსს აპირებს მკაცრი ზომები გამოიყენოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მასობრივ აქციებსა და მიტინგებზე კანონდარღვევების წინააღმდეგ. მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გოროვოიმ 25 იანვარს, მოსკოვში განაცხადა, რომ მხარს უჭერენ მოქალაქეთა კონტიტუციურ უფლებას, ჩაატარონ მიტინგები და დემონსტრაციები, მაგრამ მკაცრად აღკვეთენ კანონის დარღვევას. გოროვოიმ მაგალითად მოიყვანა 2017 წლის 12 ივნისს, სახელმწიფო დღესასწაულის, რუსეთის დღის აღნიშვნისას მოსკოვში განვითარებული მოვლენები. „ადამიანების გარკვეულმა კატეგორიამ სპეციალურად დაბლოკა დედაქალაქის მთავრობის მიერ ორგანიზებული დღესასწაულის შესასვლელი და ახლა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივიან“ - განაცხადა ალექსანდრ გოროვოიმ. მისი მტკიცებით, სამართალდამცავები პოლიტიკურ საკითხებში არ ერევიან და ერთნაირ ზომებს მიმართავენ კანონის დამრღვევთა წინააღმდეგ. 2017 წლის 12 ივნისს, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე. 2018 წლის 28 იანვარს, ნავალნის მოწოდებით, რუსეთში დაგეგმილია ე.წ. ამომრჩეველთა გაფიცვა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოქალაქეებს მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც 25 დეკემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიზეზად დაასახელა ალექსეი ნავალნის ნასამართლეობა.

XS
SM
MD
LG