Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ქალი, რომელიც დაკავებულია სავალდებულო ჩაცმულობის გაპროტესტებისათვის


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლი“ ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, „სასწრაფოდ და უპირობოდ“ გაათავისუფლოს ქალი, რომელიც გასულ თვეში თეირანში დააკავეს, როცა, ცნობების თანახმად, მშვიდობიანად აპროტესტებდა ისლამურ სავალდებულო ჩაცმულობას. „ამნესტი“ 24 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს თეირანს, რომ „ბოლო მოუღოს დევნას ქალებისა, რომლებიც ხმას იმაღლებენ სავალდებულო საბურველის წინააღმდეგ და გააუქმოს ეს დისკრიმინაციული და დამამცირებელი წესები“. 27 დეკემბრიდან მოყოლებული, სოციალურ ქსელებში ვირუსულ ვიდეოდ იქცა ჩანაწერი, რომელზეც ჩანს ქალი თავსაფრის გარეშე თეირანის ერთ-ერთ ქუჩაში, ბეტონის კონსტრუქციაზე. ის ხმას არ იღებს და აფრიალებს თეთრ ბაირაღს, როგორც ჩანს, ჰიჯაბით შემოსვის წესის გასაპროტესტებლად. ისლამური ტრადიციით, ჰიჯაბი თმასა და სხეულს ფარავს და ქალებისათვის მისი ტარება სავალდებულოა ირანში. „ამნესტი“ თვითმხილველების ნაამბობზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლიციამ ქალი ადგილზევე დააკავა. ადვოკატ ნასრინ სოტუდეჰის ინფორმაციით, ქალი, რომელიც 31 წლისაა და წლინახევრის შვილი ჰყავს, დაკავების შემდეგ ჯერ გაათავისუფლეს და მერე ისევ დააკავეს.

XS
SM
MD
LG