Accessibility links

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლიტვის პრემიერ-მინისტრი


საულიუს სკვერნელისი და გიორგი კვირიკაშვილი. თბილისი, 2018 წლის 29 იანვარი

თბილისში გაიმართა საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და საულიუს სკვერნელისის პირისპირ შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და ეკონომიკური კავშირების გაფართოების საკითხები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნით საქართველოში მიმდინარე რეფორმები. „ლიტვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით" - განაცხადა შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. თავის მხრივ, საულიუს სკვერნელისმა აღნიშნა, რომ საქართველო ლიტვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები შეუერთდნენ საქართველოსა და ლიტვის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრას, რომლის დღის წესრიგში იყო ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლიტვა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ლიტვას ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები აქვთ და სასიხარულოა, რომ 2017 წელს იყო მზარდი დინამიკა ეკონომიკურ თანამშრომლობაში. ლიტვის პრემიერ-მინისტრის, საულიუს სკვერნელისის განცხადებით, საქართველოსა და ლიტვას ერთმანეთთან აკავშირებთ არა ფორმალური, არამედ ნამდვილად მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ეფუძნება საერთო ტრადიციებს, ერთმანეთისადმი ლიტველების და ქართველების განსაკუთრებულ გრძნობებს და მათ სწრაფვას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისკენ. „ჩვენ ასევე გვაერთიანებს საერთო მიდგომა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი და საერთო გამოწვევები“ - აღნიშნა საულიუს სკვერნელისმა. მისივე თქმით, ლიტვა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG