Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საგამოძიებო მასალების გასაჯაროებას


13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას მიმართა, გაასაჯაროვოს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების გამო მიმდინარე გამოძიების დეტალები. მათ შორის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავრცელდეს საქმეში მითითებული სავარაუდო გატაცების ადგილიდან და სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ამოღებული ვიდეო-მასალა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პროკურატურასაც, უზრუნველყოს აფგან მუხთარლის საქმის დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა მთავარ პროკურორთან. 29 იანვარს გამოქვეყნებული მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ, გამოძიება აწარმოოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას დამამძიმებელ გარემოებებში და 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლას. არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს აფგან მუხთარლის და მის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. 2018 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი მიიჩნევს, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. ამას უარყოფს საქართველოს ხელისუფლება. აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების გამო, 2017 წლის 20 ივლისს, თანამდებობები დატოვეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით ნიკოლეიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ კუპრაშვილმა. იმავე დღეს შსს-მ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით 30 მაისს აღძრული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადასცა მთავარ პროკურატურას. გამოძიების შედეგი ამ დრომდე უცნობია.

XS
SM
MD
LG