Accessibility links

რუს პარალიმპიელებს შეეძლებათ, ნეიტრალური სტატუსით მიიღონ მონაწილეობა ზამთრის თამაშებში


საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა ძალაში დატოვა გადაწყვეტილება რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის წევრობის შეჩერების შესახებ, მაგრამ გამოაცხადა, რომ რუსი პარალიმპიელების ნაწილს შეეძლება ნეიტრალური სტატუსით მიიღოს მონაწილეობა ზამთრის თამაშებში. ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს წელს მარტში უმასპინძლებს სამხრეთ კორეაში მდებარე პიონჩანგი. როგორც საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი 29 იანვრის განცხადებაში აღნიშნავს, რუსი პარალიმპიელი ათლეტები, რომლებიც აკმაყოფილებენ "მკაცრ პირობებს" და შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ არ იყენებენ დოპინგს, შეძლებენ სპორტის ხუთ სახეობაში ასპარეზობას „ნეიტრალური პარალიმპიული ათლეტის“ სტატუსით. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის. მიზეზად სახელდება რუსეთის სპორტში დოპინგის გამოყენება და საამისოდ განხორციელებული „უპრეცედენტო სისტემატური მანიპულაცია“. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის განმარტებით, მან რუსეთის კომიტეტისთვის დაწესებული სანქციის ძალაში დატოვება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მიიღო ინფორმაციას ჯგუფისაგან, რომელსაც ევალება დაადგინოს, რა ზომებს მიმართავს რუსეთის პარალიმპიური კომიტეტი საერთაშორისო კომიტეტში წევრობის აღსადგენად.

XS
SM
MD
LG