Accessibility links

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა „კრემლის შესახებ ანგარიშის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი, რომელშიც დასახელებულნი არიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსები და ბიზნესმენები. სააგენტოების, „ბლუმბერგ“-ის და „ტას“-ის ინფორმაციით, დოკუმენტში მითითებულია 210 პირი, კერძოდ, მაღალჩინოსნები, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და ოლიგარქები. „ტას“-ის ცნობით, მაღალჩინოსნებს შორის არიან რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანტონ ვაინო, პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი და პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი. ამავე სააგენტოს ცნობით, ჩამონათვალში მოხვდნენ მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებიც, მათ შორის, „ინტერ რაო“-ს და „გაზპრომ“-ის ხელმძღვანელები, ბორის კოვალჩუკი და ალექსეი მილერი. რამდენიმე ათეულ ოლიგარქს შორის დასახელებულნი არიან ალიშერ უსმანოვი და რომან აბრამოვიჩი. დოკუმენტში ჩამოთვლილ პირებს ამ დრომდე არ შეხებიათ უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გამო, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. სააგენტო „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ ამ პირებს ავტომატურად არ შეეხება სანქციებით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის აშშ-ში აქტივების გაყინვა და ვიზის გაცემაზე უარი, თუმცა, ფინანსთა სამინისტროს ნუსხაში მათი შეტანა შესაძლოა, გახდეს იმის საფუძველი, რომ ამერიკულმა და ევროპულმა კომერციულმა და სხვა ორგანიზაციებმა უარი თქვან მათთან საქმიან ურთიერთობებზე. პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2017 წლის 2 აგვისტოს მოაწერა ხელი კანონს სანქციების შესახებ და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 180 დღე მისცა იმისთვის, რომ ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით მოემზადებინა და კონგრესისთვის წარედგინა მოხსენება რუსეთის ხელისუფლებისა და ბიზნესის კავშირების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 29 იანვარს, დოკუმენტის გამოქვეყნებამდე განაცხადა, რომ აშშ ცდილობს გავლენა მოახდინოს რუსეთში 18 მარტს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG