Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: კრემლის შესახებ ანგარიშში აშშ-მა დაასახელა დე ფაქტო მტრები


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შეფასებით, ვაშინგტონმა დე ფაქტოდ მტრები უწოდა ყველას, ვინც მოხსენიებულია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ, ე.წ. კრემლის სიაში. „თუ ტექსტს და დოკუმენტის სათაურს წაიკითხავთ, ეს ყველაფერი კეთდება აშშ-ის მტრებისთვის წინააღმდეგობის გაწევის კანონის შესაბამისად, ამიტომ ამ პირთა ჯგუფი დე ფაქტოდ დასახელებულია აშშ-ის მტრად“ - განუცხადა 30 იანვარს, მოსკოვში ჟურნალისტებს დმიტრი პესკოვმა. კრემლის პრესმდივნის თქმით, რუსეთისთვის უცხო არ არის აგრესიის გამოვლინება, ამიტომ ემოციებს არ უნდა აყვნენ და დასკვნა გამოიტანონ დოკუმენტის მშვიდად გაანალიზების შემდეგ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა „კრემლის შესახებ ანგარიშის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი, რომელშიც დასახელებულნი არიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსები და ბიზნესმენები. დოკუმენტში მითითებულია 210 პირი, მათ შორის რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანტონ ვაინო, პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, მსხვილი სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და რამდენიმე ათეული ოლიგარქი. ამ პირებს არ შეხებიათ უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გამო აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. თუმცა, დოკუმენტის გამოქვეყნება არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აპირებს მათთვის სანქციების დაწესებას.

XS
SM
MD
LG