Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი „არამეგობრულ აქტად“ მიიჩნევს აშშ-ის მიერ „კრემლის სიის“ გამოქვეყნებას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „არამეგობრული აქტი“ უწოდა ვაშინგტონში „კრემლის სიად“ წოდებული დოკუმენტის გამოქვეყნებას. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ როგორც იუწყება, სამშაბათს პუტინმა დაახლოებულ პირებთან საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ დოკუმენტი „ართულებს ისედაც რთულ ვითარებას რუსეთს-ამერიკის ურთიერთობებში და, უდავოდ, ზიანს აყენებს, მთლიანად, საერთაშორისო ურთიერთობებს“. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 30 იანარს გამოაქვეყნა „კრემლის სიად“, ან „კრემლის შესახებ ანგარიშად“ ცნობილი დოკუმენტი, რომელშიც დასახელებულია 210 რუსი ოფიციალური პირი და მილიარდერი - პირები, ვისაც პუტინთან დაახლოებულად ხალხად მიიჩნევენ. ანგარიშში მათი შეყვანა პუტინის წრის მიმართ გაძლიერებულ ყურადღებას ცხადჰყოფს და შესაძლო ახალ სანქციებს მოასწავებს. სიაში შესულებს შორის არიან პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, მილიარდერები რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი, ოლეგ დერიპასკა, ევგენი კასპერსკი - სულ 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ოლიგარქი. ოლიგარქების შემთხვევაში, საუბარია ხალხზე, ვინც ვაშინგტონის შეფასებით, პუტინთან ახლობლობის წყალობით გამდიდრდა. „კრემლის სია“ მომზადდა აშშ-ის კონგრესში შარშან დამტკიცებული კანონის მოთხოვნით და მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას 2016 წელს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში მოსკოვის სავარაუდო ჩარევასა და სხვა ქმედებებზე, მათ შორის უკრაინაში სამხედრო აგრესიაზე საპასუხოდ. საკუთრივ ანგარიში სანქციებს არ ითვალისწინებს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს შეატყობინა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს რუსეთის წინაღმდეგ ახალი ზომების მიღებას.

XS
SM
MD
LG