Accessibility links

პუტინმა პატიება სთხოვა რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრებიან


2018 წლის 31 იანვარი, ნოვო-ოგარიოვოს სახელმწიფო რეზიდენცია: რუსეთის პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეებთან შეხვედრაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პატიება სთხოვა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე რუს სპორტსმენებს იმისათვის, რომ ვერ დაიცვა გარედან მომდინარე ზეწოლისაგან. შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა სამხრეთ კორეაში რუსი ოლიმპიელების გამგზავრებამდე, პუტინმა დაგმო სპორტთან პოლიტიკის დაკავშირება, რაც, მისი აზრით, მოხდა რუსეთის ოლიმპიური ნაკრების დისკვალიფიკაციისას. მისი აზრით, სპორტული შედეგების მისაღწევად რთული პირობები შეიქმნა: გვაპატიეთ, რომ ამისაგან ვერ დაგიცავითო - უთხრა მან ათლეტებს. შარშან დეკემბერში რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს უარი უთხრეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დამტკიცებულად მიიჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლება სახელმწიფო დონეზე ეწეოდა სპორტში დოპინგის გამოყენების ორგანიზებას. რუს ათლეტებს (სულ 169 სპორტსმენს), რომლებმაც დაამტკიცეს, რომ არ იყენებდნენ აკრძალულ ნივთიერებებს, ასპარეზობაში ნეიტრალური დროშით მონაწილეობის უფლება მისცეს. 2017 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა რუსეთის ანტისადოპინგო სისტემის ჩავარდნა და გამოვიდა მოწოდებით, გათვალისწინებულ იქნეს მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს განცხადებები და დამოუკიდებელ ექსპერტ რიჩარდ მაკლარენის კომისიის დასკვნები. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 9-25 თებერვალს უმასპინძლებს სამხრეთ კორეაში მდებარე პიონჩანგი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG