ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს საქართველოს 2017 წლის ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 იანვარს გამართულ სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება და თავდაცვის, დემოკრატიის და ეკონომიკის სფეროებში განხორციელებული რეფორმები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ალიანსის ყველა წევრის მხრიდან 2017 წელი შეფასდა როგორც წარმატებული. ჯანელიძის თქმით, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უსაფრთხოებაში. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება ნატოს 2018 წლის სამიტის გადაწყვეტილებებში და საქართველო სათანადოდ იქნება წარმოდგენილი ყველა შესაბამის ფორმატში. მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო წინ მიიწევს და იყენებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს - ნატოში გაწევრიანებას. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი იყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს მზადყოფნაზე აქტიურად ჩაერთოს ნატოს ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განხილული იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოების გარემო და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოხატეს მზადყოფნა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა, მათ შორის ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტების ეფექტურად განხორციელებისთვის, რაც მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისკენ. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.
ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

ყველაზე პოპულარული
1