Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობისთვის ქვეყნის მთავარი მეგობარია აშშ, მთავარი მტერი კი, რუსეთი


„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“(CRRC) გამოაქვეყნა გამოკვლევა „კავკასიის ბარომეტრი 2017: საქართველო და მსოფლიო.“ არასამთავრობო კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოში, გასული წლის შემოდგომაზე გამოკითხულთა 40% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. 3%-მა დაასახელა თურქეთი, 6%-მა სხვა, 21%-მა არც ერთი და 30%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. საქართველოს მთავარ მეგობრად აშშ დაასახელა გამოკითხულთა 25%-მა. 7-7% საქართველოს მთავარ მეგობრად მიიჩნევს აზერბაიჯანს და უკრაინას და 6-6% თურქეთს და რუსეთს. გამოკითხულთა 17%-ისთვის არც ერთი ქვეყანა არ არის საქართველოს მთავარი მეგობარი და 25%-მა არ იცის. CRRC-ის გამოკვლევა შეეხება სხვადასხვა ორგანიზაციის წევრობისადმი დამოკიდებულებასაც. ნატოში საქართველოს გაწევრიანებას სრულად ემხრობა გამოკითხულთა 16%, ძირითადად მხარს უჭრს 25%, ნაწილობრივ - 26%. ნატოს წევრობას ძირითადად მხარს არ უჭერს 8%, საერთოდ არ ემხრობა 12% და შეკითხვაზე პასუხი არ აქვს 13%-ს. გამოკითხულთა 17% სრულად უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, 28% ნაწილობრივ, 6% ძირითადად არ უჭერს მხარს და 8% ეწინააღმდეგება. ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 13%-ს. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას სრულად ემხრობა 7%, 12% ძირითადად მხარს უჭერს და 24% ნაწილობრივ. 12%-ს არ სურს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს, 26% მკვეთრად ეწინააღმდეგება და 18%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

XS
SM
MD
LG